ფარული მასალები

ღარიბაშვილი მასალებზე: მორიგი ბინძური პროვოკაციაა, ენმ-ის მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციაა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მოპოვებულ ინფორმაცია ასახავს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტები "მორიგი ბინძური პროვოკაციაა"  საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ.

"არავის არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამები, მღვდელმთავრების...  

ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები და მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილის სიტყვებით, ქვეყანაში პროვოკაციის მოწყობის მცდელობაზე "ნულოვანი კომპრომისი იქნება" და "ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა".  

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მასალების უმეტესობა, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადებითაა მოპოვებული, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელია.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები