საფრანგეთი

საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულ, აუცრელ 3 000-მდე ადამიანს მუშაობის უფლება შეუჩერეს

სამედიცინო სფეროს და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები კოვიდ სერტიფიკატების საპროტესტო აქციაზე აგვისტოში
EPA

საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულ, Covid-19-ზე აუცრელ 3 000-მდე ადამიანს დროებით მუშაობის უფლება შეუჩერეს. ახალი რეგულაცია ძალაში 15 სექტემბერს შევიდა და ვაქცინაცია სავალდებულო გახდა სამედიცინო სფეროში, ზრუნვის სახლებსა და სახანძრო სამსახურში დასაქმებული 2.7 მილიონი ადამიანისთვის. 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიერ ვერანის თქმით, მუშაობის უფლების შეჩერება დიდწილად დროებითია და მას შემდეგ რაც ადამიანები ხედავენ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია რეალობაა, ბევრი იცრება.

რეგულაცია ყველა ექიმს, ექთანს, მოხალისეს და ჯანდაცვის სფეროში ოფისში მომუშავეებს ეხება. რეგულაციებში ცვლილებების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობა ივლისში გააფრთხილა და თქვა, რომ საჭირო იყო 15 სექტემბრამდე ვაქცინის ერთი დოზის გაკეთება მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სამსახურის დატოვება მოუხდებოდათ.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ საიტ Doctolib-ს, რომელსაც საფრანგეთის მოსახლეობა ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის იყენებს, პრობლემები შეექმნა, რადგან დიდი რაოდენობით მომხმარებელმა ერთდროულად სცადა რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ათასობით ადამიანი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, რაც იწვევს შიშს, რომ შესაძლოა ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში შეფერხებები შეიქმნას.

ნიცაში ერთ-ერთ საავადმყოფოში თითქმის 450 თანამშრომელს მუშაობის უფლება შეუჩერეს, რამაც საავადმყოფოს წინ საპროტესტო აქცია გამოიწვია. ქალაქ მონტელიმარში ერთ-ერთმა საავადმყოფომ გეგმიური ოპერაციების გადადება ვაქცინირებული ანესთეზიოლოგების გამო დაიწყო.

თუმცა ჯანდაცვის მინისტრ ვერანის თანახმად, 16 სექტემბრისთვის ყველა საავადმყოფოსა და სამედიცინო დაწესებულებაში ძირითადი სერვისების მიწოდება ფაქტობრივად შეუფერხებლად ხდება და შეფერხებები რამდენიმე საათით შეეხო ისეთ სერვისებს, როგორცაა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება. მინისტრის განმარტებით მუშაობის უფლების შეჩერება ძირითადად დამხმარე პერსონალს და რამდენიმე "თეთრხალათიანს" შეეხო, ქვეყნის მასშტაბით კი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სამსახური დატოვა.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების დროს საფრანგეთში ვაქცინების მიმართ სკეპტიკური განწყობა განსაკუთრებით ძლიერი იყო. ვაქცინაციის პროცესის დასაწყისში Ipsos-ის კვლევის მიხედვით, მათგან ვინც აცრის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, 40% აპირებდა აცრას. BBC-ის მონიტორინგის ჯგუფის თანახმად, იმ ფრანგულენოვანი გვერდების მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც ანტივაქსერულ კონტენტს აზიარებდნენ, 2020 წელს 3.2 მილიონიდან 4.1 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ივლისში ქვეყანაში კოვიდ-სერტიფიკატები შემოიღეს, საფრანგეთში აცრილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდა. ამჟამად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 90%-ს Covid-19-ის ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. დაწყებულია 12 წლიდან მოზარდების აცრაც და ვაქცინისბუსტერ დოზის ადმინისტრირება მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

კომენტარები