ფარული მოსმენები

მდინარაძე ენმ-ზე: ხელისუფლებაში ყოფნისას გაკეთებული ჩანაწერების გამოქვეყნება მათი ხელწერაა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებს ეხმაურება. მდინარაძის თქმით, ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი "კუთვნილი ტელევიზიების" მორიგი თავდასხმაა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. 

"ნაციონალური მოძრაობის და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას". – თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება ენმ-ს ხელწერაა.

"ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების "შეკერვა". ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა, თუმცა ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს, არ გამოუვათ არც მომავალში. ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე. [...]თავად ჩაწერეს, თავად ავრცელებენ, თავად ჭრიან და კერავენ, თავად ამზადებენ ამ ჩანაწერებისგან ფაბრიკაციას და ჩვენ ვნახეთ, თავადვე ადასტურებენ. სხვას ამის დადასტურება არ შეუძლია". – თქვა მდინარაძემ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მასალების უმეტესობა, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადებითაა მოპოვებული, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელია.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები