კრიმინალი

ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

ყვარელში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ქეთი კოვზიაშვილის თქმით, სპეცოპერაცია ისევ მიმდინარეობს, პირი შეიარაღებულია და მან თანხა მოითხოვა.

"ყველა მძევალი თავისუფალია. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავებმა ადგილზე დაიწყეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. ყველა დეტალზე საუბარი არ შემიძლია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით.

შეიარაღებასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მათ შორის, მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც". – თქვა კოვზიაშვილმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეირაღებული პირია შეჭრილი. მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლები ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან.

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები". – ნათქვამია შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები