კორუფცია

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციაა გავრცელებული – TI-ის კვლევა

adf.org.au

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში გავრცელებულია მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ისეთი შემთხვევები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. ამავე დროს, ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად აწყდება წვრილმან კორუფციას.

კორუფციის კომპლექსური ფორმები: კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამასთან, მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევები გავრცელებული არ არის. 25% თავს იკავებს პასუხისგან.

გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. ამასთან, მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევების გავრცელებული არ არის. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე: გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. ამასთან, მხოლოდ 17% ფიქრობს, რომ გამოძიება სათანადოდ ხდება. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

გამოკითხულთა 34% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 19% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს. ამასთან, გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი (47%) თავს იკავებს ცალსახა პასუხისგან.

წვრილმანი კორუფცია: კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.

საზოგადოებრივი აზრის სატელეფონო გამოკითხვა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2021 წლის 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 228 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.67% პუნქტია.

კომენტარები