ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021

სამოქალაქო საარჩევნო კომისია – სირცხვილიასა და PIA-ს ერთობლივი ინიციატივა

შოთა დიღმელაშვილი
სირცხვილია

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საარჩევნო კომისია წარადგინა, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით საარჩევნოდ უზრუნველყოს არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება. 

ამ მიზნით პლატფორმა უზრუნველყოფს

წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგს და მათზე რეაგირებას;
არჩევნების შედეგების ალტერნატიულ დათვლასა და დროულ გამოქვეყნებას; 
არჩევნების შეფასებას და მიწოდებას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის. 

ყველა ეს მასალა აიტვირთება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე cec.org.ge.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოების დაბალი ნდობა. ჩატარებული არჩევნები სასურველი სტანდარტებისგან ძალიან შორს იყო. ცესკოს მხრიდან დარღვევებზე არასათანადო რეაგირება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მთავარ ფაქტორად იქცა. უკვე ერთი წელია, სახელმწიფო დაუსრულებელი კრიზისის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას და თვითმმართველობის არჩევნები ამ და სხვა გარემოებების გამო აბსოლუტურად განსხვავებულ და მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს". – თქვა სირცხვილიას წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა ინიციატივის წარდგენისას. 

სირცხვილია და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა, თუ ორგანიზაციას, ჩაერთონ ამ პლატფორმის მუშაობაში და მიაწოდონ მათ ინფორმაცია. 

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შემოგვიერთდით. დავიცვათ ჩვენი უბნები კონკრეტული ზეგავლენისაგან. აუცილებლად ალტერნატიულ რეჟიმში გამოვაქვეყნოთ საარჩევნო ხმები და მათი დათვლის შედეგები. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმენით ვებგვერდი, სადაც ყველა დარღვევა აიტვირთება ონლაინ რეჟიმში და ასევე იქნება ექსპერტების შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით". – თქვა იდეის ავტორმა, აკაკი ხუსკივაძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები