პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: კრიტიკა კარგია, მიანიშნებს – ოცნებამ ყველა შესაძლო ზღვარი გადალახა

სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე გააკეთა განცხადება მაშინ, როდესაც დემარში მოაწყო ქართულმა ოცნებამ  შარლ მიშელის დოკუმენტის მიმართ - მაშინაც საკმაოდ, ჩემი აზრით, ადეკვატური და კრიტიკული განცხადება იყო. ახლა კვლავ ვხედავ მისი მხრიდან ქართული ოცნების კრიტიკას, ეს კარგია, ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა შესაძლო ზღვარი გადალახა, თუ რამე იყო დარჩენილი ქვეყნის საზიანოდ მიმართული მოქმედებების ნაწილში. 

ერთი რამ მინდა ვუთხრა პრეზიდენტ ზურაბიშვილს - ის ამბობს, რომ რატომ გახდა ახლა პრიორიტეტი სესხის შემცირება, როცა მოსახლეობას სჭირდება ეს დახმარებაო. სინამდვილეში, არანაირ სესხის შემცირებაზე არ ვლაპარაკობთ, უბრალოდ, ღრაიბაშვილის მორიგი ტყუილია. ევროკავშირი აღარ გვაძლევდა ამ 300 მილიონ ლარს, იმიტომ, რომ დაარღვიეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოწერეს 1 წლის წინ. მინდა, ზურაბიშვილს ვუთხრა, ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის სესხის შემცირება - მათ სესხი უსაშველოდ გაზარდეს და 300 მილიონი ლარი არის გრანტის ტოლფასი თანხა, ეს არის უპროცენტი, უკიდურესაც გრძელვადიანი თანხა, რომელიც ამ ძალიან გაჭირვებულ პერიოდში შეიძლებოდა, ჩვენს თანამოქალაქეებს გამოსდგომოდათ. პირიდან ამოართვეს ჩვენს მოსახლეობას 300 მილიონი ლარი, იმისთვის, რომ სრულად შეინარჩუნონ კონტროლი სასამართლოზე.

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ EU-ს სესხის მიღებაზე ქართული ოცნების უარი გაუგებარი ნაბიჯია და "ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება".

კომენტარები