პოლიტიკური კრიზისი

პრემიერი: სწორედ ჩვენ დროს გახდა შეუქცევადი EU-სთან ინტეგრაცია, ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას

კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, სწორედაც რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩემი პრემიერმინისტრობის დროს, როცა პირველ ჯერზე ვიყავი პრემიერი, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს გახდა ხელშესახები ჩვენი მთავრობის დროს.

იგივე ნატოსთან მიმართებით ხელშესახები ინტეგრაცია და ყველა ერთხმად აღიარებს და საქართველო და ქართული ჯარი დღეს არის მზად, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. თუმცა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ნატოს წევრი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე.

ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას.

რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი - ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო ღირსეულად წარდგება და 2024 წელს ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებასა და მზადყოფნას იმისთვის, რომ ერთ დღეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახისა და ნატოს წევრი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების სამტრედიის მერობის კანდიდატის, დავით ბახტაძის წარდგენისას. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობენ, EU-ს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ისინი საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდნენ. საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას ევროპარლამენტარების კრიტიკაც მოჰყვა, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას ესმის, რომ "თანხას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ძალიან ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება" და მთავრობა ამის შესასრულებლად მზად არ არის. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. კრიტიკის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი". მისივე თქმით, "ქართველ ხალხს ვეუბნები სრული პასუხიმგებლობით, არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა".

კომენტარები