მედგიდი

ჯაფარიძე: ტროლებისა და ბოტების REPORT-ების გამო, იძულებული ვართ, მედგიდი 24 საათით შევაჩეროთ

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

მედგიდის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, ტროლებისა და ბოტების report-ების გამო ჯგუფს 24 საათით აჩერებენ.

როგორც სოფო ჯაფარიძე წერს, ჯგუფი მორიგი მიზანმიმართული შეტევის სამიზნეა და შეჩერება პრევენციაა იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში მედგიდი მესამედ არ დაიბლოკოს. 

"თუ ვისი სურვილია ამ ყოვლად უანგარო სიკეთის საკეთებლად შექმნილი ჯგუფის მესამედ (!) გაქრობა, ალბათ უკვე ყველასათვის ცხადი ხდება. თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება, რაშია საქმე, ვეცდები, უკეთ განვმარტო.

უფრო ნათელი და კარგად აღსაქმელი რომ გახდეს: ჯგუფი, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს და სახელმწიფოსგან ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე, თუმცა დროებით, მაგრამ  წყვეტს ფუნქციონირებას! საყურადღებოა, რომ ჩვენი ჯგუფი აერთიანებს 100,000 ადამიანს (ერთ კვირაში). ამ ეტაპზე მეტწილად პოსტები კოვიდის თემასთანაა დაკავშირებული, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრებს ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის კითხვაზე, მინიმუმ, კონსულტაცია და, მაქსიმუმ, სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება ეწევათ სრულიად უფასოდ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან.

რატომ? იმიტომ, რომ ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, რაც არაერთხელ გამიჟღერებია. იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია, ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია. ქვეყანაში, სადაც დღეში საშუალოდ 60-80-მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია! ძალიან ვცდილობდი, რომ ასე მკაფიოდ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით ყველას, თუ ვინმე გაღიზიანდით ჩემი რადიკალური პოზიციით, თუმცა რეალობა ასეთია. მოგვეცით საშუალება, თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ ადამიანების გადარჩენაში!". - წერს სოფო ჯაფარიძე. 

Facebook ჯგუფი მედგიდი 19 აგვისტოს, უკვე მეორედ დაიბლოკა, თუმცა, დამფუძნებლებმა ახალი ჯგუფი იმავე დღეს შექმნეს. თავდაპირველად ჯგუფი 9 აგვისტოს დაბლოკეს და მაშინ სოფო ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს მიზანმიმართული შეტევის შედეგად მოხდა. 

კომენტარები