NDI-ის კვლევა

NDI: 70%-მა არ იცის ან არ ასახელებს, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მასში მოსახლეობის 61% მიიღებდა მონაწილეობას. ეს მაჩვენებელი 10%-ით ჩამოუვარდება 2020 წლის აგვისტოში დასმული ანალოგიური კითხვის პასუხის შედეგებს. მაშინ მოსახლეობის 71% ამბობდა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. 

კვლევის მიხედვით, ამავე კითხვაზე მოსახლეობის 18% ამბობს, რომ "ალბათ, მიიღებს მონაწილეობას". 2020 წლის აგვისტოში ეს პასუხი მოსახლეობის 13%-მა გასცა. 6% "ალბათ, არ მიიღებს მონაწილეობას", 10% "ნამდვილად არ მიიღებს", ხოლო 5%-მა არ იცის. 

ამავდროულად, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30% ასახელებს კონკრეტულ პარტიას, 51% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, ხოლო 19%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. 

კვლევით, ამ 30%-დან 18% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 6% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ამდენივე სხვა პარტიას. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, იმ 61%-დან, რომელმაც თქვა, რომ ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა, ქართულ ოცნებას ხმას 24% მისცემდა, 7% – ენმ-ს, ამდენივე სხვა პარტიებს, 45% არცერთ პარტიას, 18%-მა კი არ იცის, ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა. 

NDI კვლევის ამ ნაწილში აზუსტებს, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. 

"ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული". – წერია ანგარიშში. 

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები