ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო: საქართველო და უკრაინა ჩემი თავის ტკივილია

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 9 აგვისტოს, ბელარუსში საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი წლის თავზე, 8 საათიანი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ლუკაშენკომ ქართველი პრორუსი პოლიტიკოსის ვარლამ კვარაცხელიას კითხვაზე პასუხისას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ საქართველოც და უკრაინაც მისი "თავის ტკივილია".

"საქართველო, როგორც უკრაინა, ჩემი თავის ტკივილია. საბჭოთა პერიოდში არაერთხელ ვყოფილვარ აფხაზეთში (მართალია, სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ) საქართველოში, თბილისის გარდა, აფხაზეთში ვიყავი.. ქართველები... ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი გოგონები... რუსებს, ბელარუსებს, უკრაინელებს ყოველთვის შურდათ თქვენი! არ ვსაუბრობ მიღწევებზე, ეს იყო აყვავებული ოაზისი. იქ რაც მოხდა, ეს ცოტა ხნის წინ ვნახე. არ ვიტყვი, რატომ, მე კარგად ვარ განწყობილი საქართველოს, ქართველების მიმართ. არის აქ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, თუმცა ყველაფრიდან დასკვნა უნდა გამოიტანო, სანამ გვიანი არ არის. ჩვენ უკვე გადავკვეთეთ წითელი ხაზები, მაგრამ ჯერ ჩიხში არ ვართ მიმწყვდეული. უნდა დავბრუნდეთ, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ, რას გავაკეთებთ, ეკონომიკით უნდა დავიწყოთ, რომ ხალხმა იგრძნოს, რომ ამას აქვს აზრი". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველო "უკვე ძალიან დაშორდა" სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალგაზრდები უფრო ხშირად ლაპარაკობენ ინგლისურად, ვიდრე რუსულად. ბელარუსის ლიდერი ამაზე ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა და მაშინ დარწმუნდა, როცა საქართველოში იყო ჩამოსული და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობდა.

"ვიღაც მოიწვია, ჩემთან რუსულად არ საუბრობდა, საუბრობდა ინგლისურად და მე მასთან თარჯიმნის საშუალებით ვურთიერთობდი. კატასტროფა! მომავალში კიდევ უარესი იქნება". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ერთმანეთს დაშორდნენ და ტრადიციულ სავაჭრო ბაზრებს კარგავენ. ბელარუსის ლიდერი იხსენებს, რომ დსთ-ში საქართველოს და უკრაინის წევრობის დროს მიხეილ სააკაშვილს და პიოტრ პოროშენკოს სთხოვა, არ გასულიყვნენ გაერთიანებიდან, თუმცა მათ ლუკაშენკოს არ მოუსმინეს.

"გასვლა მარტივია, მაგრამ დაბრუნება გაცილებით რთულია. სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის მორალური წესრიგის გამო. არც ერთმა მომისმინა, არც მეორემ მომისმინა". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ამბობს, რომ დასავლეთში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არავის ელოდა, მათ თავისი ეკონომიკა და ბაზარი აქვთ და პოსტსაბჭოთა ქვეყნები "გასაღების ბაზრად" და იაფ მუშახელად სჭირდებათ.

კომენტარები