მკვლელობა ბორჯომში

საპატრიარქო: ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულია წალკის მონასტრის ბერი ანტონი

საქართველოს საპატრიარქო

გუშინ, 6 აგვისტოს, ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონ მაისურაძე. საპატრიარქოს თქმით, ბერი ანტონი მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ თვითნებურად დატოვა მონასტერი.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთiს მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.

მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი." - ამბობს საპატრიარქო.

ბორჯომში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს ბრალდებულს ბორჯომში 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა. რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, საქმესთან დაკავშირებით ნივთმტკიცებად ამოღებულია АК 74-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები