თურქეთი

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

Reuters

კვირას, 1-ელ აგვისტოს თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად ქალაქ მანავგათში ორი ადამიანი გარდაიცვალა, 10 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მეხანძრეები ხანძარს, მეხუთე დღეა, ებრძვიან. 

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის 98 კერიდან 88 ლოკალიზებულია. ხანძრების ჩაქრობის ოპერაციაში თურქეთს აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი და უკრაინა ეხმარებიან. მეტყევეობის მინისტრის ბექირ პაკდემირლის ცნობით, სამაშველო ოპერაციებში 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 828 სახანძრო მანქანა იყო ჩართული.

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო სხვადასხვა კურორტის ზონიდან ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ტურისტები სახიფათო ზონიდან თურქეთის სანაპირო დაცვის კატერებით გაიყვანეს. სანაპირო დაცვას კერძო ნავებისა და იახტების მფლობელებიც ეხმარებოდნენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთში 5 პროვინცია: ანტალია, ადანა, მერსინი, მუღლა და ოსმანიე სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

ძლიერი ხანძრები თურქეთის ტურისტულ რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე გაჩნდა. ხანძრებს 28 ივლისის შემდეგ ებრძვიან. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯიფ თაიფ ერდოღანი შაბათს, 31 ივლისს ხანძრით დაზარალებულ ქალაქ მანავგათში ჩავიდა. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად.

კომენტარები