სომხეთი

სომხეთი ორი ახალი მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

eurasianet.org

სომხეთის მთავრობა ქვეყნის განახლებადი ენერგიის დადგმული რესურსის გაზრდის მიზნით ორი ახალი, აქამდე არნახული სიდიდის მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლებამ უკვე გააფორმა კონტრაქტი არაბთა გაერთიანებული საამიროების რეზიდენტ კომპანია მასდართან. კონტრაქტის მიხედვით, პირველი მზის ელექტროსადგური 2025 წელს უნდა დასრულდეს. 200-მეგავატიანი სადგური – Ayg-1 – განახლებად ენერგიაზე მომუშავე ქვეყნის უდიდესი ელექტროსადგური იქნება, რომელიც სომხეთის უდიდესი ბირთვული ელექტროსადგურის, მეწამორის დადგმული სიმძლავრის ნახევარს გამოიმუშავებს. 

Ayg-1 ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, 500 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება, რომლის 85% არაბული კომპანიის საკუთრებაში იქნება, 15% კი – სომხეთის სამთავრობო ფონდის. არსებული ინფორმაციით, არაბი ინვესტორი ქვეყანაში $174 მილიონ დოლარს ჩადებს, რაც რეგიონში, მწვანე ენერგიაში ჩადებული უდიდესი ერთჯერადი ინვესტიცია და სომხეთის ისტორიაში ზომით მეორე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება. 

მიმდინარე წლის მარტში, სომხეთმა მზის ელექტროსადგურის მშენებლობის კონტრაქტი კიდევ ერთ უცხოელ ინვესტორთან დადო. 55-მეგავატიან Masrik-1-ს ესპანური კომპანია ააშენებს და იგი Ayg-1-ის შემდეგ ქვეყნის მეორე უდიდესი მზის ელექტროსადგური იქნება. ჯერჯერობით უცნობია, როდის დამთავრდება აღნიშნული პროექტი. 

ნიშანდობლივია, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სომხეთში განახლებადი ენერგიის წარმოება 2017-2020 წლებში 0.4 მილიონი კილოვატიდან 56.5 მილიონ კილოვატამდე, 141-ჯერ გაიზარდა.

 

კომენტარები