სააფთიაქო ნარკომანია

სუს: გამოვავლინეთ 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ვაჭრობდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტებით

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოავლინეს 27 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონოდ სისტემატურად ვაჭრობდნენ. 

"გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენს სათანადო ნებართვა არ გააჩნია, თუმცა როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში სისტემატურად ხორციელდებოდა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია". - წერია განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, 2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ შეისყიდეს ფსიქოტროპული ნივთიერება. მათივე ინფორმაციით, ფარმაცევტებმა ფსიქოტროპული მედიკამენტები რეცეპტისა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე მიჰყიდეს და სალაროს აპარატის ქვითარი არ გააფორმეს.

"საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა.

ამ წუთებში ყველა ხსენებულ ობიექტში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა, რომლის დასრულების შემდგომაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მართლზომიერების დასადგენად ჩატარდება საგადასახადო რევიზია". – წერია განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული ადამიანების მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა "უმოკლეს ვადაში დაიწყება", ხოლო იურიდიული პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

სუს-ის ცნობით, გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

კომენტარები