სააფთიაქო ნარკომანია

სერგეენკო: თვალავაძე წესიერი კაცია და მჯერა, რომ სასამართლო იქნება ობიექტური

ტაბულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავებას გამოეხმაურა. 

მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს. 

"ჩემი აზრით წესიერი კაცია, ბუნებით წესიერი კაცი არის. რაც შეეხება გამოძიებას, მე არ მაქვს უფლება განვიხილო რა და როგორ იქნა გამოძიებული. თუმცა, ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და მე მჯერა რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი",- ამბობს სერგეენკო. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე 24 სექტემბერს დააკავა.

გუშინ, 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ თვალავაძეს და კიდევ 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

"აფთიაქების მფლობელების მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განხორციელებულ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ კი სხვადასხვა ავტორიზებულ აფთიაქში, სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსმა, ბრალდებულმა გია თ.-მ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა 15 აფთიაქი, რის საფუძველზეც ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს მხრიდან, არ მომხდარა რეაგირება აფთიაქების უკანონო საქმიანობაზე. შესაბამისად, სანებართვო პირობების დარღვევაზე არ მომხდარა რეაგირება „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ შესულ სატელეფონო შეტყობინებებზეც და აფთიაქებს ეძლეოდათ საშუალება უნებართვოდ სისტემატიურად ევაჭრათ ფსიქოტროპული მედიკამენტებით, უკანონოდ მიეღოთ დიდი ოდენობით შემოსავალი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია",- წერია სასამართლოს განცხადებაში. 

გია თვალავაძე გულზე ჩივილებით გუშინ ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაკავებული მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

კომენტარები