ერთი წლის შემდეგ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ ლიდერების დამაკავშირებელი ცხელი ხაზი აღადგინეს

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი
GETTY IMAGES

ერთი წლის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ ცხელი ხაზი აღადგინეს, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ნდობის აღდგენაზე. ლურჯი სახლის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილიდან ლიდერები აქტიურად წერდნენ ერთმანეთს წერილებს.

ცხელი ხაზი ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლის ივლისში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გათიშა. რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეამ საზღვრის თავის მხარეს სამხრეთ კორეასთან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა.

"ლიდერებს შორის შეთანხმების მიხედვით, ჩრდილოეთი და სამხრეთი 27 ივლისის 10 საათიდან აღადგენენ ყველა შიდა კორეულ სამეკავშირეო ხაზს". – წერს ჩრდილოეთ კორეის მედია KCNA-ი.

სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრის თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტელეფონით სამი წუთი ისაუბრეს და მსგავსი სატელეფონო საუბარი ყოველ დღე შედგება.

"გვიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ვისაუბრეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს სასიხარულოა ყველა კორეელისთვის". – თქვა სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2018 წელს გაუმჯობესდა, როდესაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამჯერ შეხვდნენ, მაგრამ კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის სამიტის ჩაშლის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავ გაუარესდა. დაძაბულობის ფონზე სამხრეთში გაქცეულმა ჩრდილოეთ კორეელთა ჯგუფებმა საზღვარზე პროკლამაციების გადაგზავნა აქტიურად დაიწყეს. რის შედეგადაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი სამხედრო და პოლიტიკური კომუნიკაციის ხაზი, მათ შორის ლიდერების დამაკავშირებელი ცხელი ხაზი გაწყვიტა.

კომენტარები