ლელო

"პარლამენტში დეპუტატი კოლეგის შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს" – ჯაფარიძის ინიციატივა

პარტია ლელოს დეპუტატი, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, სანქციები დაწესდეს დეპუტატებზე, რომლებიც კოლეგას ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა მათ შორის იმის შედეგია, რომ მოქალაქეები უყურებენ, თუ როგორ ძალადობენ დეპუტატებზე პარლამენტის შენობაში. 

"ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა, ჩემი აზრით, იმის გაგრძელებაა, რაც იმ ადამიანებმა ნახეს პარლამენტის დარბაზიდან. მათ დაინახეს, რომ კოლეგები თავს დაესხნენ ხატიას, შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დედის გინებაც, იყო ათასი ბიუროსა და პარლამენტისთვის ყოვლად მიუღებელი გამოხატვა. როცა ასეთ რამეს ხედავენ გარეთ ადამიანები, რა თქმა უნდა, იმავეს გააკეთებენ, ხო? რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანის მოსაზრებას, მისი შეურაცხყოფა აქ, ამ ბიუროს ოთახშიც და პარლამენტის დარბაზშიც უნდა იყოს დასჯადი". – თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

ლელოს ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სანქციებს უჭერს მხარს, თუმცა თქვა, რომ ეს უნდა იყოს ისე დასჯადი, რომ დეპუტატი აღარ უნდა შედიოდეს არც ბიუროს ოთახში და არც – პარლამენტის დარბაზში. 

"მე გთავაზობთ, რომ ასეთი სანქცია შემოვიღოთ, იმიტომ, რომ გარეთ ადამიანებს, რომლებსაც სხვა მაგალითს უნდა ვაძლევდეთ – თავშეკავების, მიტევების, პატიების, შერიგების, ვაძლევთ აგრესიის, თავდასხმისა და განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის მაგალითს. მე ვფიქრობ, ხატიასთან მიმართებაში ჩვენ რაც ვნახეთ, როგორ დაესხა ვიღაც თავს, ეს იყო სწორედ იმის გამო, რომ ნახეს, როგორ დაესხნენ მას თავს ბიუროს ოთახში, როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა". – ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ბადრი ჯაფარიძეს დაეთანხმა "ძალადობასთან დაკავშირებით" და მოუწოდა, ერთად იმსჯელონ სანქციებთან დაკავშირებით. ამასთან, ქართული ოცნების წევრის თქმით, ეს ინიციატივა "ცალმხრივი რომ არ იყო", უნდა გავრცელდეს იმ დეპუტატებზეც, რომლებიც პარლამენტის მანდატურებს ესხმიან თავს. 

24 ივლისს რუსთავი 2-ისა და მთავარი არხისთვის კომენტარის მიცემის დროს ხატია დეკანოიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც დეპუტატი ამბობს, მანქანა მიზანმიმართულად ცდილობდა ჟურნალისტისთვის ფეხზე გადავლას. ამასთან დაკავშირებით დეკანოიძე 25 ივლისს გამოჰკითხეს

მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პირი უკვე იდენტიფიცირებულია.

კომენტარები