ხატია დეკანოიძე

"არ ვიცი ვინმე დაკითხეს თუ არა " – დეკანოიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა

"მითხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში ვერ გამიმხელენ, არის თუ არა ეს ადამიანი დაკითხული. არ ვიცი, დაკითხეს, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს". - თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ. 

ის დაკითხვაზე გუშინ, 24 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს, დეკანოიძის ცნობით, მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან ინტერვიუსას მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, როგორ აყენებს მანქანიდან გადმოსული კაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას დეკნაოიძესა და ჟურანლისტებს.

"მე მათ მოვუყევი იმ მუქარების შესახებ, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს სოციალურ ქსელში ჩემი პოლიტიკური პარტიის წევრების მიმართ, მათ შორის, ასევე მოვუყევი, რომ შემოდიოდა მანქანით, გინებით დაიწყო და სიჩქარეს უფრო მოუმატა, ამიტომ მე ვთქვი, რომ არ მესახება, ეს ადამიანი არ იყოს საფრთხე საზოგადოებისთვის, ან ჩემთვის. იცის, სად არის ჩემი სახლი, სავარაუდოდ, და არ მაქვს გარანტია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში, როგორც მართავდა საჭეს, დამხვდეს სახლთან და ჩემდამი სიძულვილის გამო რაღაც სისულელე ჩაიდინოს. 

გამომკითხა გამომძიებელმა, მოვუყევი რა საფრთხეს ვხედავ და გვითხრეს, რომ იდენტიფიცირებულია ადამიანი, მაგრამ რა იქნება შემდგომი ნაბიჯი, არ ვიცი". - ამბობს დეკანოიძე. 

მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პირი უკვე იდენტიფიცირებულია.

კომენტარები