კრიმინალი

წამება, ძარცვა, ყაჩაღობა, თავისუფლების აღკვეთა – შსს-მ ჯგუფური დანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით 6 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით, თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს, მასზე ფიზიკურად იძალადეს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა პირადი ნივთები, შემდეგ კი აღუკვეთეს თავისუფლება.

"სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით აწამებდნენ დ.კ.-ს, რის შემდეგაც ბრალდებული დ.ს.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ 18 ივლისს, ღამით, ბრალდებულები – ვ.ჯ. და კ.ლ. იმავე მოქალაქეს – დ.კ.-ს სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხნენ, ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მისი საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, მაჯის საათს და საფულეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები