აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა აშშ-ს თანამდებობის პირებს და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

აშშ-ს ვაჭრობის ყოფილი მდივანი ვილბურ როსი
REUTERS

ჩინეთმა აშშ-ს რამდენიმე მოქალაქეს, თანამდებობის პირსა და ორგანიზაციას საპასუხო სანქციები დაუწესა. აშშ-მ სანქციები ჰონგ-კონგში ჩინეთის რამდენიმე თანამდებობის პირს დაუწესა.

აშშ-ს სანქციები ჰონგ-კონგში უშიშროების კანონთან და ქალაქის ძალოვან სტრუქტურებში ჩინეთის გავლენის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. ასევე, ვაშინგტონმა ჰონგ-კონგში არსებული ამერიკული ბიზნესსექტორი გააფრთხილა ქალაქში მუშაობის გაზრდილ საფრთხეებთან დაკავშირებით .

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, აშშ-ს ბოლო სანქციები ჰონგ-კონგის ბიზნესგარემოს უსაფუძვლოდ უტეხავს სახელს და არღვევს საერთაშორისო სამართალსა და ძირეულ ნორმებს, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს.

სანქციები აშშ-ს შვიდ მოქალაქესა და დაწესებულებას შეეხო. მათ შორის ვაჭრობის ყოფილ მდივანს, ვილბურ როსს, Human Rights Watch-ის ჩინური ოფისის დირექტორს სოფი რიჩარდსონს, აშშ-ჩინეთის ეკონომიკისა და უშიშროების განხილვის კომისიის თავმჯდომარეს, კეროლაინ ბართლომეოს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს, ადამ კინგს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა სანქციები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვენდი შერმანის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დააწესა. შერმანის ვიზიტი ჩინეთში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ს ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი იქნება.

ურთიერთობები ვაშინგტონსა და პეკინს შორის ტრამპის ადმინისტრაციის დროს განსაკუთრებით დაიძაბა. ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც დავის საგანია Covid-19-ის წარმოშობის გამოძიება, ადამიანის უფლებების დარღვევა და კიბერუსაფრთხოება.

ყოფილი ვაჭრობის მდივანი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელი არ არის, ვისაც ჩინეთმა სანქციები დაუწესა. იანვარში ჩინეთის სანქციები შეეხო სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და 27 თანამდებობის პირს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის ქმედებებს "არაპროდუქტიული და ცინიკური უწოდა".

კომენტარები