პარლამენტი

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 85 ხმით დაუჭირა მხარი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით: დეფიციტი მცირდება 7,6 დან 6,9%-მდე; სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 %-მდე; ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს; ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით.

პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 600 მლნ ლარით არის გაზრდილი და ჯამში 6 093 მლნ ლარს შეადგენს.

აქედან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 446 მლნ ლარით გაიზრდება და 846 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის, მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვისთვის 150.0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 36.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 642.8 მლნ ლარის ოდენობით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 90.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 456.6 მლნ ლარის ოდენობით.

კომენტარები