ჩინეთი

ჩინეთში წყალდიდობას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

GETTY IMAGES

ჩინეთში ძლიერ წყალდიდობას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 100 000-ზე მეტი ადამიანი სახიფათო ზონიდან ევაკუირებულია.

წყალდიდობა ათობით ქალაქს შეეხო ჰენანის პროვინციაში, მათ შორისაა პროვინციის დედაქალაქიც.

ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის განცხადებით, წყალდიდობასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია და კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ წყალდიდობებმა უკვე გამოიწვია მსხვერპლი და დიდი ზარალი. ადამიანების და მათი საკუთრების უსაფრთხოება ყველა დეპარტამენტის პრიორიტეტი უნდა იყოს. 

ჰენანის პროვინციაში, სადაც 94 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე მაღალი განგაშის დონეა გამოცხადებული. 

ძლიერი წვიმა ცენტრალურ ჩინეთში შაბათ-კვირას დაიწყო. ამინდი კიდევ უფრო მეტად სამშაბათს, 20 ივლისს, გაუარესდა და წვიმას შტორმიც დაემატა.

ჰენანის პროვინციაში წყალდიდობა 20 ივლისის ღამით დაიწყო. რამდენიმე კაშხალზე სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა. ქალაქ ლოუიანგთან მდებარე კაშხალში 20-მეტრიანი ნაპრალი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედრო ძალები. ოფიციალური ინფორმაციით, კაშხალი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. სამხედროები არიან მობილიზებული მდინარეების კალაპოტების გასამაგრებლადაც. პროვინციის სხვადასხვა ნაწილში მატარებლების მიმოსვლა და ფრენები გადაიდო.

კომენტარები