პოლიტიკური კრიზისი

წერეთელი: რიშის განცხადება მიუთითებს, მთავრობა აცდენილია მიზნებს, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ნომინაციების მოსმენაზე, სენატორი ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრობლემასაც შეეხო. მან ხაზი გაუსვა 5 ივლისის ძალადობასა და პარლამენტის მიერ უზენაეს მოსამართლეთა დანიშვნას.

წერეთლის თქმით, საქართველოს მოკავშირეები სისტემატურად აკრიტიკებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება აცდენილია ამოცანებს, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს.

„უკვე მერამდენე განცხადებაა, ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან,
ლიდერებისგან აშშ-დან, ამ შემთხვევაში ჯიმ რიშის განცხადებაზე მაქვს საუბარი და ბევრი სხვა ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში, ასეთი იყო უამრავი და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლიტურად აცდენილია იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს და რაც მის სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოუდგენიათ". – თქვა წერეთელმა

წერეთლის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მტკიცება, რომ მოკავშირეებს არასწორი ინფორმაცია აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ოპოზიცია მათ ატყუებს, არის რუსული მიდგომა, რაც აზარალებს ქვეყანას.

"ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება იმგვარ პასუხს გასცემს, რომ მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ, ოპოზიცია იტყუება, ყველაფერი კარგად არის და ისინი გააგრძელებენ ამგვარ ქმედებებს, ეს იქნება ტიპიური რუსული მიდგომა, როდესაც ასე გაღმით ედავები იმ ადამიანებს, პოლიტიკოსებს ან იმ ლიდერებს, ვისაც შენი დახმარება და თანადგომა სურს. ეს ქვეყანას მხოლოდ აზარალებს სამწუხაროდ და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება". – ამბობს წერეთელი

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ნომინაციების მოსმენაზე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პრობლემასაც შეეხო. მან ხაზი გაუსვა 5 ივლისის ძალადობასა და პარლამენტის მიერ უზენაეს მოსამართლეთა დანიშვნას.

კომენტარები