19 აპრილის შეთანხმება

შარლ მიშელი: მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელი არ მოუწერია 19 აპრილის შეთანხმებაზე, მოაწეროს

dw.com

"მოვუწოდებ ყველა პარტიას, ვისაც ხელი არ აქვს მოწერილი 19 აპრილის შეთანხმებაზე, მოაწეროს მას" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმში, პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, "კმაყოფილი ვარ, რომ შეთანხმების ხელმომწერები თავს ვალდებულად გრძნობენ, შეასრულონ შეთანხმების ყველა საკითხი, სწორედ ეს არის მთავარი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და ამ მიმართულებით იმუშაონ".


ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ასრულებს, თუმცა, 23 ივნისს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და პასუხად 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები გააყვითლა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება.

კომენტარები