ბრიტნი სპირსი

სპირსი: სცენაზე არ გამოვალ, სანამ მამაჩემი აკონტროლებს რა მაცვია, რას ვამბობ და ვფიქრობ

ბრიტნი სპირსი
GETTY IMAGES

ბრიტნი სპირსი უარს ამბობს კონცერტები ჩაატაროს, სანამ მის კარიერას მამა, ჯეიმი სპირსი აკონტროლებს. პოპმომღერალი თითქმის 12 წელია, მამის მეურვეობისგან გათავისუფლებას ცდილობს.

ვრცელი პოსტი მომღერალმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

"უახლოეს მომავალში სცენაზე გამოსვლას არ ვაპირებ, სანამ მამაჩემი აკონტროლებს, რა მაცვია, რას ვამბობ, ვაკეთებ ან ვფიქრობ. ბოლო 13 წელია, ამას ვაკეთებ. მირჩევნია, საკუთარი სასტუმრო ოთახიდან გავაზიარო ვიდეოები, ვიდრე ვეგასში სცენიდან. [..] ამ მეურვეობამ ჩემი ოცნებები მოკლა, ერთადერთი, რაც მაქვს, იმედია​. იმედი კი ერთადერთია მსოფლიოში, რის მოკვლაც ძალიან რთულია“. – წერს სპირსი.

ლოს-ანჯელესის სასამართლო ბრიტნი სპირსს მამის მეურვეობის ქვეშ ტოვებს. გასულ კვირას პოპმომღერალმა საქმეზე ახალი ადვოკატი აიყვანა. მეურვეობის გაუქმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოსმენა 29 სექტემბერს გაიმართება.

2008 წელს 27 წლის მომღერალზე მეურვეობა მამამისმა, ჯეიმი სპირსმა მოიპოვა. მიზეზი სპირსის მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის $60 ქონებას დღემდე მამა განაგებს. ჯეიმი სპირსი არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი.

2014 წელს მომღერალმა მამის მეურვეობიდან გასვლა გადაწყვიტა, თუმცა სასამართლომ საჩივარი არ დაუკმაყოფილა. 2020 წლის ნოემბერში სპირსმა კიდევ ერთხელ შეიტანა სარჩელი, რომელიც სასამართლომ კვლავ არ დააკმაყოფილა. 2021 წელს პოპმუსიკოსის მეურვეობის შესახებ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears, რომლის გამოსვლის შემდეგ საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაიზარდა და ბრიტნი სპირსს მხარდაჭერა ისეთმა ვარსკვლავებმა გამოუცხადეს, როგორებიც არიან ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯენეტ ჯექსონი, მერაია ქერი, ქლოე კარდაშიანი.

23 ივნისს სპირსი სასამართლოს სიტყვით მიმართა და საკუთარი ცხოვრების დაბრუნება სთხოვა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამბობდა მუსიკოსი მიმართვაში.

 

კომენტარები