ჟურნალისტებზე ძალადობა

კუჭავა: სპეკულირებაა და სიმართლე არაა, თითქოს ჟურნალისტებს პარლამენტში შემოსვლა ეკრძალებათ

კახა კუჭავა
ტაბულა

კახა კუჭავას თქმით, ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებს დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენაზე შესვლა ეკრძალებათ, სიმართლე არ არის და "სპეკულირებაა". 

"დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი, ზუსტად იმ სიით და იმ მოთხოვნით, როგორც წარმოდგენილი იყო ყველა მედიასაშუალების მხრიდან. ჩვენ კარგად ვიცით, თუნდაც 12 ივლისს, წინა რიგგარეშე სხდომაზე, რა მოხდა, როცა სასესიო დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს ჩაშლას სხდომის. ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანი არის, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც თქვენ და ჩვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ.

ასევე, გვესმის, რომ მოთხოვნა - შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს ასე უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენთვის მთავარი არის დღევანდელი მოსმენა, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, აუცილებლად შეფერხების გარეშე ჩატარდეს". – ამბობს კახა კუჭავა. 

დღეს, 18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. შენობაში "პროვოკაციების პრევენციის მიზნით" დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედეს. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილები, მათ შორის, მედიის წარმოამდგენლები არიან შეკრებილი. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მათ სახელზე საშვი არის დაშვებული, თუმცა, პარლამენტში არ უშვებენ. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.

კომენტარები