მოსამართლეთა დანიშვნა

მოიაზრებს თუ არა დამახინჯებული ინფორმაციის მიმწოდებელში აშშ-ს ელჩს? – პაპუაშვილის პასუხი

პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას, ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბლინკენის პასუხად, ქართული ოცნების ლიდერებმა – არჩილ თალაკვაძემ, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დააკავშირებით განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის(აშშ) სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.

პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ამ ცალკეულ ჩინოვნიკებში, პაპუაშვილმა თქვა:

"რა თქმა უნდა, აქ ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, რადგან, სხვა შემთხვევაში, ეს ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა, თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვსურს, მათ რაიმე რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ, ამიტომ არ ვკონკრეტდებით".

პალიტრანიუსის ჟურნალისტმა ქართული ოცნების წევრს დამატებით ისიც ჰკითხა, გულისხმობენ თუ არა საპასუხო წერილის გამავრცელებლები არაკეთილსინდისიერ ჩინოსანში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, რაზეც პაპუაშვილმა ორაზროვანი პასუხი გასცა:

"უპირველეს ყოვლისა, აქ არ იგულისხმება ქართველი ჩინოსანი. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ რანაირად ხდება იქ ინფორმაციის მიწოდება, დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, ჩვენ არ გვინდა ამ კონკრეტიკაში შესვლა, ვინმეზე პიროვნულად საუბარი, თუმცა, არის დამახინჯებით მიტანა ინფორმაციის და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათ შორის, ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი".

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი 
  • გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  • ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • რევაზ ნადარაია  – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი 
  • ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

 

 

კომენტარები