ოპერატორის გარდაცვალება

ოცნების დეპუტატი: არავინ არ აპირებს გადადგომას!

დიმიტრი სამხარაძე

"არავინ არ აპირებს გადადგომას!" – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორების მოთხოვნას.

"მხოლოდ 4 საათის მანძილზე შეძელით სიცრუის და ტყუილის ტირაჟირება მოგეხდინათ. სიმართლის 60% უკვე იცის საზოგადოებამ და უახლოეს რამდენიმე დღეში დანარჩენ 40%-საც გაიგებენ.

რაც მთავარია, ამ რამდენიმე საათში მოახერხეთ და კიდევ ერთხელ დაანახეთ ხალხს თქვენი რეალური სახე. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისში კი ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის. ამ რამდენიმე საათში ვერ მოასწარით რევოლუციის დაგეგმვა/მომზადება და ტყუილით ვერც ვერასდროს მოახერხებთ!

P.S. ამ ყველაფერში ყველაზე დიდი უზნეობაა, კომენტარებს რომ წერთ არ გაბედოთ და სიმართლე არ თქვათო, რა თქმა უნდა ვიტყვით და თან აუცილებლად!

The End". – წერს სამხარაძე. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის მიმართეს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისთვის დრო ხვალ დილამდე მისცეს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები