ოპერატორის გარდაცვალება

ინსპექტორი: ლაშქარავას შესახებ პერსონალური ინფორმაცია ვრცელდება – შემოწმება დავიწყეთ

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პირების მიერ ვრცელდება ალექსანდრე ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება იმის შესახებ, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.

"ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით, ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში". – ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები