ოპერატორის გარდაცვალება

სამეფო უბნის თეატრი: დღევანდელი ტრაგედია გამოიწვია საშინელმა დარტყმამ თავისუფლებაზე

სამეფო უბნის თეატრი ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას განცხადებით გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა კრიტიკულ მედიას საქართველოში.

თეატრმა დღეს დაგეგმილი სპექტაკლი სოლიდარობის ნიშნით გააუქმა და განცხადებაში დაწერა, რომ დღეს იდგებიან "იმ ხალხის გვერდით, ვინც ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისა და პროგრესისათვის იბრძვის".

"ძვირფასო მეგობრებო, დღეს მოხდა ენითაუწერელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია საშინელმა დარტყმამ თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე...

მთელი გულით ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას კრიტიკულ მედიას საქართველოში, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის პირველ ხაზზეა ჩვენს ქვეყანაში. თავისუფალი მედია საზოგადოების ყველაზე ძლიერი ჯავშანია, თავისუფალ მედიაზე თავდასხმა, არის თავდასხმა ხალხზე! 

ვგმობთ მომხდარს, ვგმობთ უმოქმედობას. ვგლოვობთ მოკლული ლექსო ლაშქარავას ოჯახთან ერთად, "ტვ პირველის" გუნდთან ერთად და მთელ საქართველოსთან ერთად. 

სოლიდარობის ნიშნად სამეფო უბნის თეატრი აუქმებს დღევანდელ სპექტაკლს და დგება იმ ხალხის გვერდით, ვინც ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისა და პროგრესისათვის იბრძვის". – წერია განცხადებაში.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები