განახლებადი ენერგია

2020 წელს მსოფლიოში მზისა და ქარის ენერგიის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა

syncomedia.com

ნავთობისა და გაზის მულტინაციონალური კომპანიის, British Petroleum-ის ახალი კვლევის თანახმად, 2020 წელს ენერგიის მოხმარების მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად, 4.5%-ით შემცირების ფონზე, მსოფლიოში მზისა და ქარის ენერგიის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა.

გლობალურად ენერგიის მოხმარების შემცირება, ძირითადად, დაკავშირებულია ნავთობთან, ბუნებრივ აირთან და ქვანახშირთან. გასულ წელს ნავთობის მოხმარება 9.3%-ით შემცირდა, ბუნებრივი აირის - 2.3%-ით, ხოლო ქვანახშირის - 4.2%-ით. 

2020 წელს მზის ენერგიის მოხმარება 22%-ით, ხოლო ქარის ენერგიის მოხმარება 18%-ით გაიზარდა. ზოგადად, განახლებადი ენერგიის მოხმარება, რომელიც ბიომასის და გეოთერმულ ენერგიასაც მოიცავს, გაიზარდა 9.7%-ით, თუმცა მისი წილი მთლიან მოხმარებაში 6%-ია.

განახლებადი ენერგიის მოხმარების ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორი ჩინეთი იყო, რომელზეც მზისა და ქარის ენერგიის მოხმარების ზრდის, დაახლოებით, ნახევარი მოდის. ჩინეთის შემდეგ კი აშშ და ევროპა მოდის.

რაც შეეხება ჰიდროელექტროენერგიას, მისი მოხმარება 2020 წელს მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვებისა და ლოქდაუნების შედეგად, გასულ წელს ნახშირბადის გამოყოფა შემცირდა 6.3%-ით, რაც ასევე  ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 1945 წლის შემდეგ.

კომენტარები