განახლებადი ენერგია

24 წუთში ჩინურმა მზის პანელების მწარმოებელმა $19 მილიარდი დაკარგა

fluor.com

ჩინურმა ენერგოკომპანია Hanergy-იმ, 19 მაისს, 24 წუთში საკუთარი კაპიტალის ნახევარი, $19 მილიარდი დაკარგა, რაც მსოფლიოში კომპანიის აქციების გაუფასურების პრაქტიკულად ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია. აქციების ღირებულების ვარდნა კომპანიის გენერალური დირექტორის და იმ დროისთვის ჩინეთის უმდიდრესი მოქალაქის ლი ჰეჯუნის დირექტორთა საბჭოზე გამოუცხადებლობამ გამოიწვია, რასაც ჰონკონგის ბირჟაზე 24-წუთიანი პანიკა მოჰყვა.

Bloomberg-ის ცნობით Hanergy მსოფლიოში მზის პანელების დამამზადებელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა. Hanergy წელს ახალი ტიპის ელასტიკური და უფრო ენერგოეფექტური მზის პანელების გამოშვებას გეგმავდა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მნიშვნელოვანმა კლებამ განახლებადი ენერგიის პერსპექტივებთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გააჩინა. საკუთარი შემოსავლების ნახევრის დაკარგვისა და განახლებადი ენერგიის მიმართ ინტერესის კლების გამო, კომპანიამ ელექტრომობილების განვითარების პროექტიც შეაჩერა.

ჩინური ბირჟები განსაკუთრებით მაღალი შემოსავლებით გამოირჩევიან, მრავალი ეკონომისტი ამ ბაზრის პოტენციურ რისკზე საუბრობს, რაც მაღალი ალბათობით სამშენებლო კომპანიების სწრაფი გაკოტრებით დაიწყება და მთელ ჩინურ ეკონომიკას რეცესიაში შეიყვანს. 

Hanergy-ის აქციების გაუფასურების გამო ლი ჰეჯუნი დღეისათვის ჩინეთის მესამე უმდიდრესი მოქალაქეა, რომლის ქონებაც $19.4 მილიარდად არის შეფასებული. 

კომენტარები