ქართული კინო

ქართული კინოს რენესანსი

ქართული კინო

ქართული კინოს რენესანსი

გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სათაური ჯერ კიდევ კინოფორუმზე წასვლამდე მომაფიქრდა. მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ განვლილმა ოთხმა კინოწელიწადმა იმედი ჩამისახა, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავდი ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც სათაურს 100%-ით რელევანტურს გახდიდა. ამ აზრს ზურგს უმაგრებდა საერთაშორისო პრესის გამოხმაურება და პრესტიჟული ფესტივალების ჯილდოები. მოლოდინი გამართლდა, თამამად შეიძლება ვთქვა, რომ გავხდი ისტორიული გარდატეხის მოწმე, რომლის მთავარი შემოქმედი ალექსანდრე კობერიძეა, თავისი ფილმით რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? მთავარი, მაგრამ, საბედნიეროდ, არა ერთადერთი. 

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ქართულ კინოფორუმს წელს მეოთხედ უმასპინძლა. ღონისძიება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, კინოკრიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის გასულ წელს გადაღებული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების დახურულ ჩვენებებს მოიცავდა.  

წლევანდელ ფორუმზე, 2020 წლის პანდემიიდან გამომდინარე, მოკლემეტრაჟიან სექციაში მხოლოდ ხუთი ფილმი იყო წარმოდგენილი. ამ სტატიაში ვისაუბრებ ორ მათგანზე, სანდრო სულაძის გუშაგებსა და თორნიკე გოგრიჭიანის პაპანაქებაზე. სულაძის ნამუშევრის მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომლებიც სოფლის სახლში მარტონი რჩებიან. ტომ სოიერისეული ატმოსფერო გვაბრუნებს ბავშვობაში, დროში, როდესაც ტყეში ალქაჯები და კუდიანები ცხოვრობდნენ, როდესაც თითოეული დღე თავგადასავალია, როდესაც ასაკში სულ მცირე სხვაობაც კი უმცროს და-ძმასა თუ მეგობართან პასუხისმგებლობის უდიდეს გრძნობას განიჭებს. გუშაგები იმასაც გვახსენებს, რომ ეს დრო მყიფე და წარმავალია, მთავარი გმირები ერთ ღამეში იზრდებიან და ემშვიდობებიან იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ. რაც შეეხება პაპანაქებას, სათაური ძალიან კარგად შეესაბამება იმ ამინდს, რომელიც ფილმშია გადმოცემული, ამინდს არა როგორც ატმოსფეროს მდგომარეობას, არამედ ერთ ოჯახში, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების ერთობლიობას. ოთხი მთავარი პერსონაჟის წარმოჩენა მცირე დროში რთული ამოცანაა, რომელსაც თორნიკე გოგრიჭიანმა შესანიშნავად გაართვა თავი.

"პაპანაქება", რეჟ. თორნიკე გოგრიჭიანი

დოკუმენტური კინო ქართულ კინოინდუსტრიაში სულ უფრო და უფრო დიდ სივრცეს იკავებს. ამაში გასაკვირი არაფერია. იმ აჯაფსანდალში, რომელსაც ქართული ყოფა ჰქვია, არაერთი მოვლენა თუ ადამიანი იმსახურებს დოკუმენტალისტების ყურადღებას. სწორედ ამიტომ ფორუმზე წარდგენილი ფილმების უმეტესობა დოკუმენტური იყო. ყურადღებას შევაჩერებ სალომე ჯაშის მოთვინიერებასა და კეკო ჭელიძის მკვდარი სულების არდადეგებზე. Cinema Du Reel-ის გამარჯვებული და სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინანტი მოთვინიერება საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უცნაურ ჰობიზე, ხეების შეგროვებაზე მოგვითხრობს. უნიკალური ესთეტიკის მქონე, თამამი და დახვეწილი ნამუშევრის მთავარი გმირები ადამიანებთან ერთად მიწას მოწყვეტილი, ზღვაში მოგზაური ხეები და უსულო (ერთი შეხედვით) მანქანებიც არიან. მოთვინიერება რომ მუსიკალური ალბომი იყოს, ერთდროულად „ინდასტრიალისა“ და „ემბიენთის“ ჰიტ აღლუმებში დაიკავებდა პირველ ადგილს. სალომე ჯაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართული კინოს უდიდესი დოკუმენტალისტია. მკვდარი სულების არდადეგები განსხვავებული ამბავია. ეს არის ისტორია ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის ლეგენდისა, რომელიც დღეს გარეუბანში, დედასთან ერთად 14 კვადრატ მეტრზე ცხოვრობს, ვერ შოულობს სამსახურს და არც არავის ახსოვს. ფილმის გმირი 90-იანელების ერთგვარი კრებსითი სახეა, მაგრამ ავტორების საქებად უნდა ითქვას, რომ მხოლოდ არეულ დროს არ ბრალდება მუსიკოსის ხელმოცარულობა. ისინი გვიჩვენებენ მთავარი გმირის სისუსტეებს, ოჯახის ტოქსიკურ წევრებს და პიროვნულ დეგრადაციას, რომელსაც მხოლოდ ომსა და ერთ პოლიტიკურ მოძრაობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. არდადეგები უნივერსალური ფილმია, რომელიც მაყურებლისგან 90-იანი წლების ალტერნატიული სცენის ცოდნასა და სიყვარულს არ ითხოვს.

"მოთვინიერება", რეჟ. სალომე ჯაში

21-ე საუკუნის ქართულ კინოს სხვა მრავალ ხარვეზთან ერთად თვითმყოფადობის პრობლემაც გაუჩნდა. ევროპულ კინოში გაბატონებულმა ტრენდებმა ეროვნულ კინემატოგრაფზე ნეგატიური გავლენა იქონია. ბოლო წლებში ეკრანები ავთენტიკურობას მოკლებულმა, მეორეხარისხოვან ფესტივალებზე გათვლილმა (ერთეულების გამოკლებით) სურათებმა დაიპყრო. ალქაჯებზე ნადირობას არ დავიწყებ, გლობალური პრობლემების წარმოჩენა საკუთარი კინოენით უკიდურესად რთული საქმეა. ეს ბუნებრივი, გარდამავალი პროცესია, რომელიც ყველა ქვეყნის კინომ გამოიარა. კინომოყვარულთა სასიხარულოდ ალექსანდრე კობერიძემ დაამტკიცა, რომ სრულიად შესაძლებელია, ორგანულად შერწყა ქართული და ევროპული კინოს საუკეთესო ტრადიციები. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? რევოლუციური ფილმია, რომელმაც ქართული კინოს თითქმის 120-წლიან ისტორიაში ახალი გვერდი გადაფურცლა. ჩვენ წინაშეა აბსოლუტურად ავთენტიკური ნამუშევარი, რომელიც ამავდროულად დიდი ევროპული კინოსკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელიცაა.
არსებობს ასეთი ტერმინი ომაჟი, რაც ერთი ხელოვანისაგან საკუთარი ნამუშევრით მეორისადმი პატივის მიგებას ნიშნავს. ზღვარი ომაჟსა და Copy+paste-ს შორის ძალიან ვიწროა, რომელიც კობერიძემ აკრობატიკული სიზუსტითა და სილაღით გაიარა. ფილმი ერთი დიდი მიძღვნაა ქართველი და უცხოელი კინოკლასიკოსებისადმი - სერგო ფარაჯანოვის, რეზო ესაძის, ერიკ რომერის, აკი კაურისმიაკის, თეო ანგელოპოლუსისა და კინოს ოლიმპოს სხვა ათობით წარმომადგენლის ხელწერისადმი. ეს არის უმაღლესი ხარისხის ომაჟი, რომლის ანალოგი ქართულ კინოში უბრალოდ არ არსებობს.


ფილმის მთავარი თემა სიყვარულია, გრძნობა, რომელიც ასე ძალიან აკლია თანამედროვე სამყაროს და ქართულ კინოს. ეკრანიდან იღვრება პირველყოფილი, უმწიკვლო, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული, რომელიც დარბაზს ადიდებული რიონივით შთანთქავს. სურათს ადამიანებისა და ცხოველების გარდა კიდევ ორი მთავარი გმირი ჰყავს: ეს არის „მამაქალაქი“ ქუთაისი და ფეხბურთი. უკანასკნელი პერსონაჟი ასეთი ცოცხალი კინოში ალბათ პირველად ვნახე, საფეხბურთო დღესასწაულის ასეთი ძლიერი ემოცია ზოგჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსაც კი არ მოაქვს (სულ პატარა შენიშვნა მაქვს რეჟისორთან, როგორც გერმანიის გულშემატკივარს, მაგრამ ეგ არაფერი).
ძალიან დიდი იმედი მაქვს სწორ დროს გამოვიყენე ეს სათაური და სინეფილები მომდევნო წლებში აბუჩად არ ამიგდებენ. გულწრფელად მჯერა, რომ ალექსანდრე და მისი თანატოლი თუ უფროსი კოლეგები საკუთარი ფილმებით ამბიციურ სათაურს მომავალში გაამართლებენ.

"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ"? რეჟ. ალექსანდრე კობერიძე

 

კომენტარები