უკრაინა

უკრაინაში ქალი სამხედროების ქუსლიანი ფეხსაცმლით აღლუმში მონაწილეობის გეგმას აკრიტიკებენ

UKRAINE DEFENCE MINISTRY

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ფოტოები, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის აღლუმისთვის მოსამზადებელ პროცესს ასახავს. ფოტოებზე ჩანს, რომ კიევის ეროვნული სამხედრო ინსტიტუტის ქალი სტუდენტები აღლუმისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ემზადებიან.

ინფორმაციას უკრაინაში აქტიური კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ბევრმა გამოთქვა აღშფოთება, რომ ქალ სამხედროებს კომფორტული ფეხსაცმლის ნაცვლად, აღლუმზე ქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა სცმოდათ.

უკრაინის პარლამენტის ვიცესპიკერმა, ელენა კონდრატიუკმა მოითხოვა, რომ დაწყებულიყო სამსახურებრივი გამოძიება, იმის დასადგენად, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ქალ სამხედროებს აღლუმში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიეღოთ მონაწილეობა.

პარლამენტის წევრის, ირინა გერაშენკოს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება სექსისტურია და თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ირინა გერაშენკომ და პარტია ევროპული სოლიდარობის კიდევ რამდენიმე ქალმა დეპუტატმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ტარანს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აჩუქეს და აღლუმზე ასეთი ფეხსაცმლით წასვლა შესთავაზეს.

"მინისტრ ტარანს და მთავარსარდალ ზელენსკის ქუსლიანი ფეხსაცმელი ვაჩუქეთ. აღლუმზე [ამ ფეხსაცმლით] წავიდნენ". – თქვა გერაშენკომ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალი სამხედროების საზეიმო ფორმის სტანდარტული ნაწილია და ისინი აღლუმში ასე მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები