სტამბოლის არხი

ჩავუშოღლუ: სტამბოლის არხსა და მონტროს კონვენციას ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ

სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ
Anadolu Agency

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, სტამბოლის არხის პროექტი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების მმართველობის პოლიტიკას არ შეცვლის.

ჩავუშოღლუ ამბობს, რომ სტამბოლის არხი არ შეეხება მონტროს კონვენციას და, პირიქით – მონტროს კონვენციას არ ექნება გავლენა სტამბოლის არხზე. თქვა მან ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ვიზიტის დროს. 

არხის სავარაუდო დასრულების ახალი თარიღი 2025-2026 წლების შუალედია. 

"რუსეთი კმაყოფილია თურქ კოლეგებთან ერთად მონტროს კონვენციის შესრულებაზე მუშაობით". – თქვა სერგეი ლავროვმა შეხვედრის შემდეგ და ასევე დაამატა, რომ სტამბოლის არხის პროექტი არ იქონიებს გავლენას შავ ზღვაში უცხოური სამხედრო ხომალდების შემოსვლაზე. 

ჩავუშოღლუ და ლავროვი შეეხნენ სირიისა და ლიბიის საკითხსაც. 

"ჩვენი მიზანია ამ ქვეყნებში სტაბილურობის, მშვიდობისა და სიწყნარის შენარჩუნება. განსაკუთრებით სირიაში. ჩვენ რუსეთთან ერთად პოლიტიკურ პროცესებზე ვიმუშავებთ". – თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხსა და მთიან ყარაბაღსაც. ლავროვმა ხაზი გაუსვა თურქეთთან ერთად ყარაბაღში მუშაობაზე არსებულ საკუთარ პოზიტიურ დამოკიდებულებას. 


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის არხის პროექტი 2021 წლის 26 ივნისს გახსნა

45 კილომეტრის სიგრძისა და 21 კილომეტრი სიღრმის არხი მარმარილოსა და შავ ზღვებს დააკავშირებს. პროექტი საერთაშორისო ასპარეზზე მრავალ კითხვებს აჩენდა იმის შესახებ, გავრცელდება თუ არა არხზე მონტროს კონვენცია, ან გამოიწვევს თუ არა მისი აშენება ამ 1936 წლის შეთანხმების გადახედვის აუცილებლობას და შეცვლის თუ არა ის შავი ზღვის გეოპოლიტიკას. თურქეთის მთავრობის განმარტებებით, არხის გახსნის მთავარი მიზანი ეკონომიკური სარგებლის მოტანაა.

როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა 2021 წლის აპრილში თქვა, სტამბოლის არხს მონტროს კონვენციასთან შეხება არ ექნება. 

ასევე, 2021 წლის აპრილში თურქეთში 100-ზე მეტმა ყოფილმა მაღალი რანგის ოფიცერმა ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობის გადაწყვეტილებას სტამბოლის არხის შენების შესახებ. მათი აზრით, ამ არხის გახსნა დაარღვევს მონტროს საზღვაო კონვენციას და ერდოღანს მისი დაცვისკენ მოუწოდეს

თურქეთის მთავრობამ 10 ხელმომწერი დააკავა. მათ ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს და, ასევე, დააკავშირეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. 

კომენტარები