ევროკავშირი-რუსეთი

ბორელი: წარმატებული რეფორმებით აღმოსავლეთ პარტნიორები უკეთ გაუმკლავდებიან რუსეთის ზეწოლას

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თავის პერსონალურ ბლოგში რუსეთთან გამკლავების მექანიზმებზე ისაუბრა. ბორელი აღნიშნავს ბოლო პერიოდში რუსეთთან გაუარესებულ ურთიერთობებს და წარმოაჩენს რუსეთთან ურთიერთობის სამ ძირითად მიმართულებას, წინააღმდეგობის გაწევა, შეკავება, დიალოგში ჩართულობა.

სტრატეგიაზე საუბრის დროს ჯოზეფ ბორელი ყურადღებას უთმობს რუსეთის შეკავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მნიშვნელობას და აღნიშნავს, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნები მდგრადობა უნდა გაძლიერდეს. რაც უფრო წარმატებულები იქნებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები რეფორმების პროცესში, მით უკეთესად შეძლებენ რუსეთთან გამკლავებას.

"პირველ რიგში, ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსეთის მიერ ჩვენ წევრ სახელმწიფოებში და მეზობელ ქვეყნებში საერთაშორისო სამართლის განზრახ დარღვევას და გავაგრძელოთ დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერა"

​ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოიცავს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და რუსეთის დავალდებულებას და წნეხის გაზრდას, შეასრულოს მინსკის შეთანხმება და ითანამშრომლოს უკრაინაში ჩამოგდებული MH17 თვითმფრინავთან დაკავშირებულ გამოძიებაში.

"მეორე – ჩვენ უნდა შევაკავოთ რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს"

ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეფექტიანი შეკავებისთვის საჭიროა რუსეთის მიმართ პოლიტიკაში წვერი სახელმწიფოების შეთანხმებულობა და ერთიანობა. ასევე ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების, თავდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება და დეზინფორმაციასთან აქტიური ბრძოლა. ბორელი ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან უფრო აქტიური ბრძოლა, რათა გამჭვირვალე იყოს რუსეთში და რუსეთიდან ფულის მიმოსვლის პროცესი.

რუსეთის შეკავების სტრატეგიის ნაწილად ჯოზეფ ბორელი პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებას მიიჩნევს.

"შეკავების პოლიტიკის კიდევ ერთი ასპექტი ევროკავშირის პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედეგობის გაძლიერებაა. ამისთვის საჭიროა მათი შიდა მმართველობის გაუმჯობესება: კორუფციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობა და ფუნდამენტური თავისუფლებების გარანტირება. რაც უფრო წარმატებულები იქნებიან ისინი რეფორმების პროცესში, მით უფრო მედეგი იქნებიან და შესაბამისად, უკეთ შეძლებენ რუსეთის ზეწოლასა და ჩარევას გაუმკლავდნენ. ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის მეზობლების მხარდაჭერას, რათა ისინი და მათი მოქალაქეები იყვნენ თავისუფალნი თავისი მომავლის არჩევისას". – წერს ჯოზეფ ბორელი.

"მესამე და ბოლო ღერძი რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის – ჩართულობა"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ რუსეთი "მოგვწონს თუ არა" გლობალური მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკაში და მასთან საუბარი აუცილებელია. განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, სადაც ევროკავშირის ინტერესებია სასწორზე, ლიბიაში, ავღანეთში, სირიაში, სამხრეთ კავკასიაში, ირანის ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებში და ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები და მსოფლიო ჯანდაცვა.

"საგარეო პოლიტიკა არის საუბარი ხალხთან, ვისაც აქვს მოვლენებზე გავლენის ძალაუფლება, მათ შორის მათთან ვისთანაც გვაქვს ძირეული უთანხმოებები. ამ ჩართულობის მიზანია სწორედ რომ მოქმედებების და აზროვნების შეცვლა". – წერს ბორელი.

ბორელმა ასევე განიხილა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს პრობლემა აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და არა რუს ხალხთან. 

ჯოზეფ ბორელი წერს, რომ მომავალ თვეებში აქტიურად იმუშავებს ევროპის საბჭოსთან და კომისიასთან, სამომავლო შემაკავებელი ზომების შემუშავებას იმ შემთხვევებისთვის, თუ რუსეთი გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

კომენტარები