იაპონია-ტაივანი

იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ტაივანი უნდა დავიცვათ

იასუჰიდე ნაკაიამა
Getty Images

იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იასუჰიდე ნაკაიამამ ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობის საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა "გაიღვიძოს" და გააცნობიეროს პეკინის წნეხი ტაივანზე და დაიცვას კუნძული "როგორც დემოკრატიული ქვეყანა". ნაკაიამას კომენტარმა ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰუდსონის ინსტიტუტის მიერ გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ისაუბრა. ნაკაიამამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე ბევრი ქვეყნის, მათ შორის აშშ-სა და იაპონიის გადაწყვეტილების სისწორე, 1970-იან წლებში მიჰყოლოდნენ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკას და ეღიარებინათ პეკინი და არა ტაიპეი.

ნაკაიამამ აღნიშნა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთმანეთი უნდა დაიცვან და ტაივანი "წითელი ხაზია".

"ასე რომ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ტაივანი უნდა დავიცვათ". – თქვა ნაკაიამამ.

იასუჰიდე ნაკაიამას მიერ ტაივანის ქვეყნად მოხსენიებამ ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანის ქვეყნად მოხსენიება "შეცდომა და სერიოზული დარღვევა" იყო.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტაივანი და იაპონია გეოგრაფიულად ახლოს არიან და ტაივანში რამე რომ მომხდარიყო, ეს იაპონიაში ოკინავას პრეფექტურაზე იქონიებდა გავლენას. სადაც აშშ-ს სამხედრო ბაზაა განლაგებული.

ნაკაიამამ ხაზი გაუსვა ჩინეთის მხრიდან მზარდ საფრთხეებს კოსმოსის, სარაკეტო ტექნოლოგიების, კიბერსივრცის, ბირთვული და კონვენციური იარაღის სფეროებში. თავდაცვის მინისტრის თქმით, საჭიროა რუსეთის და ჩინეთის შეჩერება, რომლებმაც გაახშირეს წვრთნები იაპონიის კონტროლირებად წყლებში და აშშ-ს შტატის, ჰავაის ახლოს.

"ვხედავთ, რომ ჩინეთი და რუსეთი თანამშრომლობენ, როცა სამხედრო წვრთნებს ატარებენ ჩვენი მეზობლების ახლოს". – თქვა ნაკაიამამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვაშინგტონმა და ტოკიომ უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ჩინეთის და რუსეთის კოოპერაციის საწინააღმდეგოდ.


2021 წლის მარტში ტოკიოში შეხვედრისას იაპონიის და აშშ-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ  ჩინეთი-ტაივანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ.

წყაროების თანახმად, ეს საკითხი შეხვედრისას აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა იაპონიის თავდაცვის მინისტრთან, ნობუ კიშისთან წამოჭრა, თუმცა არ ყოფილა იმის განხილვა, თუ როგორ ითანამშრომლებენ ქვეყნები ამგვარ საგანგებო სიტუაციაში რეაგირების დროს.

კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ბოლო პერიოდში ჩინეთმა ტაივანზე წნეხი გაზარდა. ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში 

კომენტარები