ენმ

ენმ კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების თანამდებობებზე უარს ამბობს

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობებზე უარს ამბობს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე პარტიამ თავიდანვე უარი განაცხადა, რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ხაბეიშვილის თქმით, ეს უბრალო ფორმალობაა, თუმცა ფრაქცია ამ თანამდებობებზეც უარის თქმას აპირებს.

"სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ჩვენ გვინდა საპარლამენტო თანამდებობები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ოპოზიციისთვის გარკვეულ თანამდებობებს გულისხმობდა, ჩვენ ამაზე უარი თავშივე განვაცხადეთ. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციას, ეს რაიმე პრივილეგია არაა. ესაა ფორმალური თანამდებობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზეც უარს ვამბობთ. მიმართვა ამ საკითხზე იყო ფორმალური. როგორც კი ჩატარდება სხდომები ამ თემაზე, ჩვენ მონაწილეობასაც კი არ მივიღებთ". – თქვა ხაბეიშვილმა

7 ივნისს, მე-10 მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც ხატია დეკანოიძე ხელმძღვანელობს. ახალი ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.

საქართველოს პარლამენტში ეს მესამე ოპოზიციური ფრაქციაა:

ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის, რომლის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა. გარდა პარტია ლელოს წევრებისა, ფრაქციაში შევიდნენ არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და სალომე სამადაშვილი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 3 პარტიას: სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი - მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და ორ დამოუკიდებელ კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს და ტარიელ ნაკაიძეს. ფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძეა, თავმჯდომარის მოადგილე – სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები