ენერგეტიკა

მომხმარებლები ვალდებულნი არ არიან თელასს მრიცხველის ჩვენება გაუგზავნონ

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა დენის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებს, თბილისის მცხოვრებლები ქვითარს კომპანია "თელმიკოსგან", ხოლო რეგიონების მცხოვრებლები კომპანია "ეპი ჯორჯიასგან" მიიღებენ.

ერთი კვირის წინ, თბილისის მოსახლეობამ მიიღო სმს შეტყობინება, რომლის მიხედვით, 2021 წლის 30 ივნისს გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც თელასის აბონენტებს შეეძლებათ, შეიყვანონ მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით, პორტალი კი 12 საათის განმავლობაში იქნება გახსნილი.

თელასის განმარტებით, მომხმარებლები ვალდებულნი არ არიან მრიცხველის ჩვენება პორტალზე გააგზავნონ, რადგან აღნიშნული ფუნქცია უფლებაა და არა ვალდებულება. 

"მომხმარებელთა მხრიდან მრიცხველების ჩვენების გამოგზავნა არის არა ვალდებულება, არამედ უფლება. ამ უფლების მომხმარებლის მხრიდან არგამოყენება არ აჩენს ელექტროენერგიის შეწყვეტის საშიშროებას". – განმარტავენ თელასში. 


ცვლილება გამოწვეულია ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმით, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ "თელასმა" და "ენერგო პრო ჯორჯიამ" დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

რეფორმამ ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია უნდა წაახალისოს. რეფორმის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებს უნივერსალური გამანაწილებლის სტატუსი მიენიჭებათ, რომლებიც ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად, დადგენილი ტარიფით მიაწოდებენ მომხმარებლებს.

"პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღარ იქნება 2 კომპანიის ხელში, როგორც ეს იყო აქამდე, საქმე ისაა, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა, მიწოდება არ გახლავთ მონოპოლიური საქმიანობა, განსხვავებით ქსელური მომსახურებისგან, როგორიცაა ელექტროენერგიის გადაცემა-განაწილება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, მოგეხსენებათ, რომ ეს ორი საქმიანობა არის ერთ კომპანიაში მოქცეული და აუცილებელი გახდა იმ ვალდებულებისგან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას და, ასევე, გავწევრიანდით ენერგეტიკულ თანამეგობრობასთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ეს კომპანიები. 

ელექტროენერგიით ვაჭრობისა და მიწოდებისთვის, იმის გარდა, რომ ეს კომპანიები არსებობენ, უნდა შეიქმნას ბაზარი, ბირჟა და უნდა გახდეს კონკურენტული. აქედან გამომდინარე, კონკურენციის წახალისების მიზნით, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბაზარი, მეორე მხრივ კი, აუცილებელია, რომ მოწყვლადი მომხმარებლები - ფიზიკური პირები და მცირე მეწარმეები იყვნენ დაცულები ბაზრის რყევებისგან. ამ მიზნით შეიქმნა ორი კომპანია, რომელსაც მიენიჭა უნივერსალური მიმწოდებლის სტატუსი და ისინი მიაწოდებენ ელექტროენერგიას ფიქსირებული ფასით, მათ ექნებათ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ტარიფი არ გაეზრდებათ", - თქვა სემეკის კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ფანგანის თქმით, ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე ახალი კომპანიების გაჩენაა, რამეთუ ბაზარი იქნება ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი, პირველი იანვრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის ბირჟა, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმები და იქნება შესაძლებლობები, რომ ელექტროენერგიის ვაჭრობაში ჩაერთონ, როგორც ბიზნესაქტივობაში. ფიზიკურ პირებს კი ექნებათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მიმწოდებელი, თუმცა, თუ ამას არ გააკეთებენ, ავტომატურად გადავლენ უნივერსალური მიმწოდებლის კალათაში.

"რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებს, ნებისმიერ პირს, ვისაც ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობაში, კანონმდებლობა ამის საშუალებას აძლევს, არ არის რთული მექანიზმები, მათ შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ მიმწოდებლად და, თუ შეეძლებათ, რომ მომხმარებელი მოხიბლონ ფასით ან სხვა პირობებით, მათ ექნებათ უფლებამოსილება, რომ გაყიდონ ელექტროენერგია, ხოლო გამანაწილებელი კომპანიები "ეპი ჯორჯია" და "თელმიკო", ვალდებულები არიან, რომ ნებისმიერ მიმწოდებელს მოემსახურონ ერთი და იმავე პირობებით და ფასით", - თქვა ფანგანმა.

კომენტარები