Windows

MICROSOFT-მა უახლესი WINDOWS 11 წარმოადგინა, განახლებული დიზაინითა და შესაძლებლობებით

ფოტო: Microsoft.com

კომპანია Microsoft-მა უახლესი ოპერაციული სისტემა, Windows 11 წარმოადგინა, რომელიც განახლებული დიზაინითა და ფუნქციური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

Windows 10-ის მომხმარებლები 11-ს სრულიად უფასოდ, პირდაპირ განახლების ცენტრიდან მიიღებენ.

Microsoft-ის წარმომადგენლობის თქმით, უმთავრეს ვიზუალურ ცვლილებას ეკრანის ცენტრში გადმონაცვლებული მენიუ წარმოადგენს, რომლის შეცვლაც, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეეძლებათ. 

Windows 11-ის განახლებული მენიუ

Apple-ისა და Google-ისგან განსხვავებით, Microsoft-ი საკუთარი ეკოსისტემის ჩაკეტვას და მომხმარებლის ციფრული კედლის შიგნით მოქცევას არ გეგმავს.

"Windows-ის დანიშნულებაა, იყოს ყველაზე ღია და მეგობრული ეკოსისტემა, რომელიც კარგად იმუშავებს სხვა სისტემებთან" – თქვა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად Windows 11-ს სმარტფონებისთვის გათვლილი აპლიკაციების მხარდაჭერა ექნება, ანუ მომხმარებლებს პირდაპირ ვინდოუსიდან შეეძლებათ ისეთი აპლიკაციებით სარგებლობა, როგორიცაა: TikTok-ი და Tinder-ი.

შეცვლილია ვიჯეტებისა და ახალი ამბების პანელიც.

გარდა ვიზუალური ცვლილებებისა, განახლება ტექნიკურ გაუმჯობესებასაც მოიცავს:

  • სწრაფი ჩართვა და მოქმედება;
  • გაზრდილი უსაფრთხოება და დაცულობა;
  • განახლებების ზომის 40%-ით შემცირება;
  • ენერგოეფექტიანობის ზრდა;
  • თამაშების უკეთესი მხარდაჭერა და ოპტიმიზაცია;

Windows 11 ჯერაც საპილოტე გამოცდის რეჟიმშია და, სავარაუდოდ, მას 2021 წელს გაუშვებენ. 

კომენტარები