აშშ

კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე აშშ-ს სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა

აშშ-ს სასამართლომ 49-წლის ანა მორგან ლოიდ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სამწლიანი პირობითი მსჯავრი, 120 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 500-დოლარიანი ჯარიმა მიუსაჯა.

ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობდა და ბრალი აღიარა. სასამართლო პროცესი დაწყებამდე ლოიდმა ბოდიში მოუხადა სასამართლოს, ოჯახს და ამერიკელ ხალხს. ლოიდი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის ჩავიდა.

"მრცხვენია, რომ ეს ველურ ძალადობაში გადაიზარდა და არასოდეს ვიქნებოდი იქ, რომ მცოდნოდა, მოვლენები ასე განვითარდებოდა. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა ამერიკელი ხალხისთვის ასეთ სამარცხვინო მოვლენაში მიმეღო მონაწილეობა" - თქვა ლოიდმა.

პროკურატურის დოკუმენტებში, რომელიც უწყებამ სასამართლოს გადასცა, ნათქვამია, რომ ანა მორგან ლოიდი ციხეში არ უნდა იჯდეს, ვინაიდან კაპიტოლიუმზე შტურმის დროს აგრესიას არ ამჟღავნებდა, წინასწარ არ გეგმავდა არეულობაში მონაწილეობას და კაპიტოლიუმის შენობაში 10 წუთზე დიდხანს არ გაჩერებულა. ასევე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არც პასუხისგებაში ყოფილა მიცემული და ბრალი აღიარა.

მთლიანობაში კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დაახლოებით 500 ადამიანის საქმე განიხილება.


აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც, უკვე მეორედ, მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები