სოტბის აუქციონი

$15-მილიონიანი ბრილიანტი სოტბის აუქციონზე კრიპტოვალუტაში გაიყიდება

უიშვიათესი 101-კარატიანი ბრილიანტი, რომლის საწყისი ფასი 15 მილიონი დოლარია, სოტბის აუქციონზე კრიპტოვალუტაში გაიყიდება

სოტბის ცნობით, მსხლის ფორმის ბრილიანტი უნაკლოა და აუქციონის ისტორიაში ეს მხოლოდ მეათე შემთხვევაა, როცა ბრილიანტის მასა 100 კარატს აჭარბებს. 

"ეს მართლაც სიმბოლური მომენტია. ღირებულებისა და სიმდიდრის უძველესი სიმბოლოს, ბრილიანტის შეძენა ახლა უკვე კაცობრიობის უახლესი უნივერსალური ვალუტის, ბიტკოინის საშუალებითაა შესაძლებელი". – თქვა სოტბის თავმჯდომარემ, პატი ვონგმა.

ტრანზაქციის განხორციელება როგორც კრიპტოვალუტით, ასევე ტრადიციული ფულით იქნება შესაძლებელი. 

ეს ტრადიციული აუქციონების ისტორიაში კრიპტოვალუტის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის, სოტბისა თუ კრისტის აუქციონებზე ბიტკოინითა და ეთერიუმით ათეულობით ტრანზაქცია შემდგარა. 

ჯერჯერობით, რეკორდული, $69.3-მილიონიანი ტრანზაქცია, რომელიც კრისტის აუქციონზე კრიპტოვალუტაში, კერძოდ, ეთერიუმში განხორციელდა ცნობილ ციფრულ არტისტს, Beeple-ს ეკუთვნის

 

კომენტარები