თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტი პარლამენტს: გამოაცხადეთ ამნისტია Covid-რეგულაციების დარღვევებზე

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

თავისუფლების ინსტიტუტი მიმართავს პარლამენტს, გამოაცხადოს ამნისტია, რომელიც მოიცავს Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. 

ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით 2-თვიანი საგანგებო მდგომარეობის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 8 737 შემთხვევაში დაადგინა სამართალდარღვევა და 26 463 000 ლარი ჯარიმა გამოწერა. შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 227 საქმეზე დაიწყო. 

ამავდროულად, თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, შსს-მ ფიზიკური პირების მიმართ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 16 864, ხოლო იურიდიული პირების მიმართ 48 სამართალდარღვევა გამოავლინა. ფიზიკური პირების მიმართ გამოწერილმა ჯარიმებმა, მინიმუმ, 33 738 000 ლარი შეადგინა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ კი – 480 000 ლარი. 

"Covid-შეზღუდვები განსაკუთრებით რეპრესიული აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის წესით იდევნებიან. Covid-რეგულაციების დარღვევის გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაწყებულია 854 ფაქტზე. ამ ადამიანების უმრავლესობამ სამართალი ჯერ ვერ ნახა – თავისუფლების ინსტიტუტის კოლექტიური სარჩელი Covid-რეგულაციების შესახებ ამ დრომდე არ განუხილავთ. ამდენად, პარლამენტი არის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებმა გამოსავალი ნახონ.

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდგომ მთავრობამ არაეფექტიანად მართა პანდემიით გამოწვეული სიტუაცია, რაც მთლიანად უარყოფითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე და ადამიანების კეთილდღეობაზე. პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს მძიმე სოციალური და ეკონომიკური რეალობა - უმუშევრობის დონემ 21.9 %-ს მიაღწია, ხოლო ფულადი სოციალური დახმარების მიმღები საქართველოს 532 242 მოქალაქეა. მთავრობის პასუხისმგებლობაა ეპიდემიის არაეფექტიანი მართვა და ამის შედეგად მოსახლეობის დაზარალებაც. ამასთან, ჭიანურდება მოსახლეობის აცრის პროცესი, რაც კიდევ მეტად ახანგრძლივებს შეზღუდვების მოქმედებას.

საქართველომ ვაქცინის პირველი დოზები 13 მარტს მიიღო და ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 2%. ასევე, გაურკვეველია, როდის შემოვა ვაქცინის საკმარისი დოზები მოსახლეობის დროულად ასაცრელად. იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობა ვერ სთავაზობს მოსახლეობას აცრის შესაძლებლობას, ეკონომიკური განვითარებისა და ეპიდემიის მართვის ეფექტიან სტრატეგიას, უსამართლობაა, 60 მილიონზე მეტი ლარი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას გადაახდევინო. საქართველოს პარლამენტმა დროულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - კოვიდ შეზღუდვებით ისედაც დაზარალებული ადამიანები და კომპანიები გაათავისუფლოს სანქციებისგან". – წერს თავისუფლების ინსტიტუტი

კომენტარები