შსს

ძალის გადამეტება, არასათანადო მოპყრობა, შეურაცხყოფა – ომბუდსმენის ანგარიში შსს-ზე

შალიკა სტუდიო

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის ცნობით, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პოლიციელების მიერ დაკავებისას არაპროპორციული, აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენების და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ. ასევე, საგულისხმოა სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები, სადაც განმცხადებლები პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე.​

აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც მონიტორინგი ტარდება, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამოწმებენ ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა დაკავებულის პირად საქმეს. მითითებული დაკავების გარემოებებმა, დაზიანების ლოკალიზაციამ, რაოდენობამ და ხასიათმა მონიტორინგის ჯგუფს, პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, ეჭვი გაუჩინა.

წყარო: სახალხო დამცველი

2020 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 463 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა. ეს შემთხვევები მოიცავს როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. მონაცემების თანახმად, 463 შემთხვევიდან 159 (34.3%) შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს. რაც შეეხება დინამიკას წლების მიხედვით, 2016 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი საეჭვო შემთხვევების 12,8%-ში, 2017 წელს იგივე მაჩვენებელი – 26,4%, 2018 წელს – 26.8% და 2019 წელს – 31.8% იყო, ხოლო 2020 წელს მითითებული სტატისტიკური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (34.3%). სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, 2017 წლიდან შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია.

"მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დაკავებულებს სამედიცინო მომსახურება დროულად მიეწოდებოდათ, მაგრამ გამოვლინდა ერთი შემთხვევა, როდესაც დაკავებულს სამედიცინო დახმარება დაგვიანებით აღმოუჩინეს. 72 მისასალმებელია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების რაოდენობა 2020 წელს 19-დან 23-მდე გაიზარდა.

საყურადღებოა დროებითი მოთავსების იზოლატორებში აღკვეთის სინდრომის73 მართვის საკითხი. არსებობს აღკვეთის სინდრომის მკურნალობის (დეტოქსიკაციის) სხვადასხვა მეთოდი - როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე, ისე ნარკოტიკების მეშვეობითაც". – ნათქვამია ანგარიშში. 

ომბუდსმენის ცნობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ აღკვეთის სინდრომის არსებობისას პაციენტს მედიკამენტები ეძლეოდა სიმპტომურად, უმეტესად ტკივილგამაყუჩებელი ან/და დამამშვიდებელი პრეპარატები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო საკმარისი და დაკავებული მაინც ცუდად გრძნობდა თავს. ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტების ეფექტი მცირე დროით გრძელდებოდა და ექიმს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევდა დამატებითი დოზის გაკეთება. დაკავებული სტაციონარში მხოლოდ მისი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაჰყავდათ. აღმოჩნდა, რომ დმი-ს სამედიცინო პერსონალს არ აქვს ერთიანი სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მართონ აღკვეთის სინდრომი.

კომენტარები