სასამართლო რეფორმა

ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას დააფუძნებს

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, რომელიც გამოირჩეოდა ე.წ სასამართლო კლანთან ღია დაპირისპირებით, 18 ივნისს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა.

ნაზი ჯანეზაშვილმა გამართულ ბრიფინგზე თავისი მუშაობა შეაჯამა, კიდევ ერთხელ ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და თქვა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციას დააფუძნებს, რომელიც საერთო სასამართლოების მუშაობას დააკვირდება. 

"ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. მე გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, რომ ამ 4-წლიანი მუშაობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი და შევეგუო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია, ამიტომ, მე ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემებზე. 

ერთიანი მიდგომითა და ერთმანეთის აზრების გათვალისწინებით, გამოცდილების გაზიარებით, შევძლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა. სხვა არჩევანი მართლა არ გვაქვს, რომ, უბრალოდ, შევეგუოთ მდგომარეობას, რომ შვილი დანიშნა მოსამართლის თანამდებობაზე, ან ვიღაცამ ცოლი და ნათესავი, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამიტომ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს, მე პირადად ვაგრძელებ ამაზე მუშაობას". – თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ერქმევა ნაზი ჯანეზაშვილის ახალ ორგანიზაციას, ან ვინ იქნება მასთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოში, თუმცა იურისტი ამბობს, რომ მას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა "არაერთ კვალიფიციურ და ღირსეულ ადამიანთან". 

კომენტარები