ფერიის ბავშვთა პანსიონი

ფერიის პანსიონის აღსაზრდელი მეუფე დიმიტრიზე: 300 ლარის ამბავი საიდან შეთხზეს, არ ვიცი

ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სარალიძე, რომელიც დაწესებულებაში ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის სიტყვებს ეხმაურება. სარალიძე ამბობს, რომ მეუფე დიმიტრის ყველა სიტყვა სიცრუეა და არ იცის, "საიდან შეთხზეს 300 ლარის ამბავი".

"მეუფე დიმიტრის განცხადება რომ წავიკითხე, ძალიან აღვშფოთდი, იმიტომ, რომ მე და მეუფეს გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. 5 წუთის ნაცემიც რომ ვყოფილიყავი და გამეგო, რომ მეუფე შემოვიდა ბავშვთა სახლში ბავშვების მოსანახულებლად, ეგრევე მავიწყდებოდა ყველა ტკივილი და სიხარულით გავრბოდი. 

ძალიან გამაოცა იმ ფაქტმა, რომ მეუფეს განცხადება მთლიანად იყო სიცრუეზე დაფუძნებული. არცერთი მისი სიტყვა არ არის მართალი. მითუმეტეს, 300 ლარის ამბავი საიდან შეთხზეს არ ვიცი, უნდა გამოვიკვლიოთ ეგ საკითხი, ამ მიზეზის გამოა, რომ ყველა ჩუმდება - ტყუილებს უგონებენ ბავშვებს და მატყუარებად გამოჰყავთ". – ამბობს ის. 

ლუკა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მეუფე დიმიტრიმ პანსიონში ფიზიკურ ძალადობაზე იცოდა. 

"იმ ფაქტმა, რომ ყველაფერი სიცრუე თქვა, ძალიან დამარწმუნა იმაში, რომ მან იცოდა ეს ყველაფერი და როგორც სხვა ყველა ცდილობს, რომ ამ სისტემას ხელი დააფაროს, ისიც ასევე ცდილობს, რომ ხელი დააფაროს. შეუძლებელია, რომ იცოდე, რა ხდება იქ, სადაც შენ გყავს მიყვანილი ბავშვები და იქ, სადაც შენი არჩეული აღმზრდელები მუშაობენ". – ამბობს ყოფილი აღსაზრდელი მთავართან ინტერვიუში. 

13 ივნისს ლუკა სარალიძემ თქვა, რომ ფერიის ბავშვთა პანსიონში 6 წლიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

"დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო". – თქვა სარალიძემ.  

საპასუხოდ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ზე ირონიულად დაწერა, რომ სარალიძეს "გაზის კამერებშიც ატავსებდნენ", მეუფე დიმიტრიმ კი თქვა, რომ ყოფილმა აღსაზრდელმა "300 ლარად გაგვყიდა" 

კომენტარები