ფერიის ბავშვთა პანსიონი

მამა ლეონიდე დეკანოზ ანდრიას: თქვენი გამოხმაურება არაადეკვატური და არაეთიკურია

მღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე

მამა ლეონიდე ებრალიძე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ყოფილი აღსაზრდელის მონათხრობ ძალადობის ფაქტებზე ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. მამა ლეონიდე წერს, რომ დეკანოზ ანდრიას გამოხმაურება სავსებით არაეთიკურია და ნეგატიურად აისახება ეკლესიის მისიაზე. 

"მამა ანდრია, სანამ არსებობს იმის 1% შესაძლებლობაც კი, რომ რომელიმე ბავშვი შესაძლო ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო, თუნდაც ყველაზე "უწყინარი" ფორმებით, თქვენი გამოხმაურება არა თუ არაადეკვატური, სავსებით არაეთიკურია და ნეგატიურად აისახება ეკლესიის მისიაზე, აუწყოს ღვთის სიტყვა საზოგადოებას ყველა დროსა და ყველა სივრცეში.

მე მესმის, რომ თქვენ როგორც კონკრეტული ინსტიტუციის თანამშრომელი (ვგულისხმობ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას) იკავებთ გარკვეულ პოზიციებს და ერთვებით საინფორმაციო ომში, მაგრამ თავს უფლებას მივცემ, შეგახსენოთ, რომ თქვენ უპირველეს ყოვლისა ბრძანდებით მღვდელი, რომელიც ნებისმიერი ინსტიტუციური პოზიციის მიუხედავად, ვალდებულია დაამოწმოს სახარების შესახებ. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებების წყალობით, ახალგაზრდათა დიდი ნაწილის თვალში ეკლესიის მოწმობა სულ უფრო არასანდო ხდება". – წერს მამა ლეონიდე დეკანოზი ანდრიას პოსტის კომენტარებში.

"გაზის კამერებშიც ათავსებდნენ" – ირონიულად დაწერა დეკანოზმა ანდრიამ ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მონათხრობზე. 

ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ 6 წლიდან, ის წლების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა და სხვადასხვა "დამსჯელობითი" მეთოდიც გაიხსენა:

"დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო". – ამბობს სარალიძე. 

კომენტარები