დიდი შვიდეულის სამიტი 2021

ჩინეთი G7-ს: დრო, როცა გლობალურ გადაწყვეტილებებს პატარა ჯგუფები იღებდნენ, დასრულდა

დიდი შვიდეულის სამიტზე ქვეყნები ჩინეთის გავლენის შესამცირებლად ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ. საპასუხოდ ჩინეთი ამბობს, რომ დრო, როცა გლობალურ გადაწყვეტილებებს რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარი პატარა ჯგუფები იღებდნენ, დასრულდა.

"დრო, როცა გლობალურ გადაწყვეტილებებს ქვეყნების პატარა ჯგუფები იღებდნენ, დიდი ხანია დასრულდა. [..] ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნები, პატარა თუ დიდი, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანასწორი არიან. მსოფლიო საკითხები ყველა ქვეყანასთან კონსულტაციებით უნდა იჭრებოდეს" – თქვა ლონდონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა.

დიდი შვიდეულის ლიდერებს სურთ, ჩინეთის მზარდი გავლენა, შეამცირონ ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პაკეტით, რომელიც ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის პროექტს სარტყლისა და გზის ინიციატივას კონკურენციას გაუწევს.

აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და დიდი შვიდეულის დანარჩენ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ მათი გეგმა, ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო (B3W), შესაძლებელს გახდის პარტნიორობას ინფრასტრუქტურის საკითხებში 2035 წლისთვის განვითარებადი ქვეყნებისთვის საჭირო $40 ტრილიონი დოლარის მობილიზებას.

აშშ-ს ცნობით, დიდ შვიდეულში არსებობს კონსენსუსი, რომ ჩინეთთან მიმართებით ვაჭრობისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ერთიანი მიდგომაა საჭირო.

ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომელიც სი ძინპინმა 2013 წელს დაიწყო, მოიცავს საინვესტიციო ინიციატივებს, რომლებიც აზიას, ევროპას და მის მიღმა რეგიონებს ფარავს. 100-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს ჩინეთთან სარტყლისა და გზის ინიციატივის პროექტებში თანამშრომლობაზე. პროექტები მოიცავს რკინიგზების, პორტების, გზატკეცილების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შენებას. Refinitiv-ის თანახმად, გასული წლის მონაცემებით, სარტყლისა და გზის ინიციატივასთან 2 600-ზე მეტი პროექტი იყო დაკავშირებული, რომელთა საერთო ღირებულება 3.7 ტრილიონი დოლარია. 

კრიტიკოსების აზრით, სი ძინპინის გეგმა, შექმნას აბრეშუმის გზის თანამედროვე ვერსია, რომელიც ჩინეთს ევროპას, აზიასა და დანარჩენ რეგიონებთან დააკავშირებს, კომუნისტური ჩინეთის გავლენის გავრცელებისა და გაძლიერების გზაა.

აშშ-ს წარმომადგენლების თანახმად, ამ დრომდე დასავლეთი არ ქმნიდა პოზიტიურ ალტერნატივას ჩინეთის მთავრობის ინიციატივებში "გამჭვირვალობის ნაკლებობის, გარემოს დაცვის და შრომის დაბალი სტანდარტებისა და იძულებითი მიდგომის" საპირწონედ

კომენტარები