ევროპის ჩემპიონატი 2020

უკრაინის ნაკრები მაისურიდან სლოგანის "დიდება გმირებს" ამოღებას არ აპირებს

AFP

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების პრესატაშეს, ოლექსანდრ გლივინსკის თქმით, ანდრეი შევჩენკოს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე სლოგანის "დიდება გმირებს" ფორმიდან ამოღებას არ აპირებს.

"ეს ფორმა უეფამ დაუშვა, ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი რომში იმყოფება და ამ საკითხზე UEFA-ს წარმომადგენლებთან აქვს კომუნიკაცია. და დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ფორმით ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე", - თქვა გლივინსკიმ.

უკრაინის ახალ ფორმაზე, რომლითაც უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გადის, უკრაინის რუკაა გამოსახული, რომელზეც უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი, რუკაზე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონები უკრაინის საზღვრებს შიგნით არის მოქცეული. გარდა ამისა, ფორმას ზურგზე აწერია "დიდება უკრაინას!", ხოლო მაისურის შიგნით - "დიდება გმირებს". ეს ორმაგი ლოზუნგი აქტიურად გამოიყენებოდა 2014 წელს, მაიდანის დროს.

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა უკრაინის ნაკრებს მოსთხოვა, რომ ფორმიდან სლოგანი "დიდება დიდება" მოეშორებინათ. რუსეთის მხრიდან პრეტენზიის მიუხედავად, UEFA არ ითხოვს, ნაკრების ფორმიდან რუკის გამოსახულების მოშორებას, თუმცა კავშირი მიიჩნევს, რომ ფრაზა "დიდება გმირებს" პოლიტიკურია და მილიტარისტულ ასოციაციებს აჩენს.

UEFA-მ პოლიტიკურად მხოლოდ ფრაზა "დიდება გმირებს" მიიჩნია, რომელიც მაისურის ჩაცმის შემდეგ არ ჩანს. სამი დღის წინ UEFA აცხადებდა, რომ უკრაინული ფორმა რეგლამენტს არ არღვევს.

უკრაინას UEFA-ში რუსეთმა უჩივლა. რუსული მხარის თანახმად, ფორმაზე გამოსახულებები "პოლიტიკური მოტივისაა, რომელიც ეწინააღმდეგება UEFA-ს ძირითად პრინციპებს". რუსეთის გაღიზიანება ფორმაზე ანექსირებული ყირიმისა და სეპარატისტული რეგიონების უკრაინის საზღვრებს შიგნით მოქცევამ გამოიწვია.

კომენტარები